ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


გამოცემები

2026

სამხრეთ საქართველოს ხელნაწერთა მინაწერი საბუთების კორპუსი XI - XVI სს, II, ვაჰანის ქვაბთა განგების ისტორიული დოკუმენტები XIII–XVI სს.

შემდგენელი დარეჯან კლდიაშვილი
გამომცემელი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
რედაქტორი რედაქტორი - მზია სურგულაძე
ISBN 978-9941-9979-1-4

აღწერა

წინამდებარე ტომით იწყება პუბლიკაცია ქართული ისტორიული საბუთების სერიისა – `სამხრეთ საქართველოს ხელნაწერთა მინაწერი საბუთების კორპუსი. XI-XVI სს.~ ნაკვეთში წარმოდგენილი საბუთები მინაწერების სახით არის შესრულებული ვაჰანის განგების სახელით ცნობილ ქტიტორულ ტიპიკონზე, რომელიც XIII საუკუნის 20-იანი წლების მეორე ნახევარში მხარგძელების თმოგველთა შტოს წარმომადგენელმა, ერისთავთ-ერისთავმა მხარგძელმა შეუდგინა ჯავახეთის მტკვრის მარჯვენა ნაპირზე გამოკვეთილ ვანის ქვაბების საგვარეულო მონასტერს. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ეტრატის გრაგნილი (ხეც, Aდ-933), რომელზედაც ტიპიკონის ტექსტია შესრულებული, დაფარულია ნუსხურითა და მხედრულით შესრულებული ორ ათეულზე მეტი მინაწერი საბუთით; ისინი მონასტრის პატრონი და ადგილობრივი წარჩინებული გვარების – თმოგველთა, ღარიბასძეთა, რჩეულაშვილთა, სამცხის ათაბაგ ჯაყელთა – მიერ ვანის ქვაბთა მონასტრისათვის სხვადასხვა დროს გაცემულ შეწირულების აქტებს წარმოადგენენ. ამ საბუთების შესრულების ქრონოლოგიური საზღვრები XIII საუკუნიდან ვიდრე XVI საუკუნის შუახანებია და მოიცავს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უკიდურესად მძიმე პერიოდს – მონღოლთა ბატონობის დასაწყისიდან მოყოლებული სამხრეთ საქართველოში ოსმალთა მფლობელობის დამყარებამდე. ვანის ქვაბთა საბუთები მდიდარია სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, ისტორიულ-გეოგრაფიული, ცალკეული ისტორიული პერსონალიების, ადგილობრივ საგვარეულოთა გენეალოგიური თუ ონომასტიკური მონაცემებით. მათი, როგორც ფასდაუდებელი პირველწყაროს ღირებულება, მნიშვნელოვანია მოცემული პერიოდის საქართველოს ისტორიის მთელი რიგი საკითხებისა და ვანის ქვაბთა სამონასტრო ცხოვრების შესასწავლად. ვანის ქვაბთა მონასტრის საბუთების შესახებ გამოკვლევა, კრიტიკულად დადგენილი ტექსტები, სამეცნიერო აპარატი და ფოტოასლები, პირველად ქვეყნდება, რაც, იმედია, მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს საქართველოს ისტორიის, ქართული დიპლომატიკისა და პალეოგრაფიის მკვლევართ, აგრეთვე ისტორიის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთ. წიგნში გამოყენებულია ისტორიული მიწისძვრების შემსწავლელი ექსპედიციებისას 2017-2019 წლებში გიორგი ბაგრატიონის მიერ გადაღებული ფოტოები და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფოტომასალა